kavkasioni - afxazeTis kavkasioni
საქართველოს კავკასიონის დასავლეთი ნაწილი, მდინარეების ფსოუსა და საკენის სათავეებს შორის. მოიცავს მთავარ ქედს და მის სამხრეთ განშტოებებს: გაგრის, ბზიფის, აფხაზეთის ქედი (ჩხალთისა) და კოდორის ქედებს, რომელთა შორის მოქცეულია ბზიფის, ჩხალთის, საკენისა და სხვა ხეობები. მთავარ ქედზე უმაღლესი წერტილია მწვერვალი დომბაი-ულგენი (4046 მ). უღელტეხილებია: კლუხორი (2816 მ), ნახარი (2931 მ), მარუხი (2746 მ), სანჩარო (2292 მ), ხიდა (2632 მ) და სხვა. მათზე გადადის საცალფეხო გზები.
აფხაზეთის კავკასიონს ახასიათებს სიმაღლეთა დიდი ამპლიტუდა. განეკუთვნება ალპურ ნაოჭა სისტემას. თითქმის ყველა მაღალი ქედის ზემო ნაწილში არის ტროგული ხეობები, მყინვარული ცირკები, მყინვარული ტბები და სხვა. აფხაზეთის კავკასიონის ბუნება მრავალფეროვანია. აქ არის თითქმის ყველა სიმაღლითი ლანდშაფტური სარტყელი მათი კარსტული სახესხვაობებით: მთა-ტყის (ფართოფოთლიანი) სარტყელი ტყის ყომრალი ნიადაგებით. ზღვის დონიდან 500-600 მ-იდან 1300-1400 მ-მდე; წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის სარტყელი ტყის ყომრალი და გაეწრებული ყომრალი ნიადაგებით ზღვის დონიდან 1000-1300 მ-იდან 1800-1900 მ-მდე; სუბალპური სარტყელი მთის მდელოს ნიადაგებით, სუბალპური ტყე-ბუჩქნარით, ლიხითა და მდელოებით ზღვის დონიდან 1800-1900 მ-იდან 2300-2400 მ-მდე; ალპური სარტყელი მთა-მდელოს ნიადაგებით, მდელოებითა და ხალებით ზღვის დონიდან 2300-2400 მ-იდან 2700-2800 მ-მდე; სუბნივალური და ნივალური სარტყელი (2800-2900 მ ზემოთ) შიშველი კლდეებით, თოვლითა და მყინვარებით.